ქართული | English | Rусский
 
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გვერდი ?
ძალიან მომწონს
მომწონს
არაუშავს
არ მომწონს
 

ბოლო წლებში, მთლიანი შიდა პროდუქტი დადებითი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ამასთან, 2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა და აგვისტოს ომმა გარკვეული გავლენა იქონია ეკონომიკის ზრდის ტემპზე. აღნიშნულ პერიოდში განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, როგორიცაა ლატვია, ესტონეთი, ირლანდია, სერიოზული ეკონომიკური ვარდნა დაფიქსირდა. საქართველოში 2010 წლიდან ეკონომიკა კვლავ ზრდის დადებითი ტენდენციით ხასიათდება და 2012 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 6.1% შეადგინა. 

2012 წელს, ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირდა და წინა წლებისგან განსხვავებით, პირველად, ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

2011 წლის მონაცემებით,  საქართველოს ნომინალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა 24 344,0 მილიონი ლარი (14 438,5 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.

2012 წლის წინასწარი მონაცემებით,  გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვანი ზრდა შემდეგ სექტორებში დაფიქსირდა: დამამუშავებელი მრეწველობა (16.4%),  საფინანსო საქმიანობა (15.0%),  სასტუმროები და რესტორნები (11.8%),  მშენებლობა (11.4%),  ფინანსური შუამავლობა (10.3%), კავშირგაბმულობა (9.6%) და სხვა.

2012 წლის წინასწარი მონაცემებით,  მშპ-ში ყველაზე მაღალი წილი შემდეგ სექტორებზე მოდის: ვაჭრობა(16.6%),  სახელმწიფო მმართველობა (11.2%), დამამუშავებელი მრეწველობა (10.5%),  სოფლის მეურნეობა(8.4%), ტრანსპორტი (7.6%), მშენებლობა (7.3%) და სხვა.

 

საქართველო ახორციელებს ლიბერალურ სავაჭრო პოლიტიკას, რაც ხასიათდება: 

  • დაბალი გადასახადებით იმპორტზე

საბაჟო გადასახადები დაწესებულია მხოლოდ ზოგიერთი სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე და სამშენებლო მასალებზე. დღეისათვის, საქაღთველო იმპორტზე დაბალი ტარიფების მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს (0%, 5% , 12%).

  • რაოდენობრივი შეზღუდვების არარსებობით

საქართველოს არ გააჩნია რაოდენობრივი შეზღუდვები (კვოტები, ან სატარიფო კვოტები).

  • სააქციზო გადასახადი და დღგ ერთნაირია იმპორტირებულ და ადგილობრივ პროდუქციაზე.

ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქცია იდეგრება თანაბარი სააქციზო გადასახადითა და დღგ-თი. დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან საქონლის იმპორტის თანხის  18%.

 

        • იმპორტისათვის/ექსპორტისათვის საჭირო ლიცენზიების რაოდენობის   მკვეთრი შემცირებით

მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რადიოაქტიული ნივთიერებები, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები და სამრეწველო ნარჩენი და სასოფლო-სამეურნეო ქიმიური პრეპარატების გარკვეული სახეობა ექვემდებარება იმპორტის/ექსპორტის ლიცენზირებას. 2005 წლიდან ნებართვების რაოდენობა საიმპორტო და საექსპორტო პროდუქციით ვაჭრობასთან დაკავშირებით 14 ძირითადი ჯგუფიდან 8 ჯგუფამდე შემცირდა.

  • საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) წევრია

2000 წლიდან საქართველო არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციიის (WTO) წევრი, რაც გულისხმობს "უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით" (MFN) სარგებლობას WTO-ს 153 წევრ ქვეყანასთან.  

ვმო-ს ფარგლებში საქართველო ასევე შეუერთდა მრავალმხრივ შეთანხმებებს, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიების და სამოქალაქო ავიაციის შესახებ შეთანხმებები და სხვა მრავალ სექტორალურ ინიციატივებს.

  • პრეფერენციების განზოგადებული სისტემა (GSP)

საქართველო სარგებლობს GSP სისტემით აშშ-სთან, კანადასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან და იაპონიასთან.

  • საქართველოს გააჩნია GSP+ ევროკავშირთან

2005 წლის ივლისში საქართველო გახდა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი იმ 15 ქვეყანათაგან, რომელიც სარგებლობს GSP-ის ახალი სქემის (EU GSP+) ბენეფიციებით. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოდან ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით. "GSP+"-ის ბენეფიციარის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველო სარგებლობს უფლებით ევროკავშირში უბაჟოდ შეიტანოს 7200 სახეობის პროდუქცია.

  • თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები

საქართველოს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინასთან, რუსეთთან, მოლდოვასთან, თურქმენეთთან, უზბეკეთთან, ყაზახეთთან, ბელარუსთან, ტაჯიკეთთან და ყირგიზეთთან.

 

Design by SPAR.GE © 2017 ყველა უფლება დაცულია