ქართული | English | Rусский
 
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გვერდი ?
ძალიან მომწონს
მომწონს
არაუშავს
არ მომწონს
 

რა პრინციპით ხდება სატრანსპორტო საშუალებების დაშვება ტირ რეჟიმში?

ყოველი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აწარმოებს საერთაშორისო ტვირთზიდვას, საბაჟო ორგანოების მიერ დაშვებულ უნდა იქნეს ამ სახის გადაზიდვისათვის. ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებზე საბაჟო უზრუნველყოფით (ბეჭედი და ლუქები) დაიშვებიან მხოლოდ ისეთი სატრანსპორტო საშუალებანი, რომელთა სატვირთო განყოფილება იმგვარად არის კონსტრუირებული, რომ:

  • · შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალების დაბეჭდილი ნაწილიდან ტვირთის ამოღება ან ჩატვირთვა საბაჟო ბეჭდის ან ლუქის გატეხვის ან დაზიანების შესამჩნევი კვალის დატოვების გარეშე;
  • ·საბაჟო ბეჭედი და ლუქები იდება მარტივად და საიმედოდ;
  • ·სატვირთო განყოფილებაში არ არის ტვირთის შესანახი ფარული ადგილი;
  • ·ტვირთის დასაწყობი ნებისმიერი ადგილი მისაწვდომია საბაჟო კონტროლისათვის.

ყოველ დახურულ საბაჟო სათავსოზე (ტენტიანი სატვირთო ავტომობილით, ტენტიანი მისაბმელი, ტენტიანი ნახევარმისაბმელი, ფურგონი, რეფრიჟერატორი და ა.შ) საბაჟო ორგანოს მიერ გაიცემა სერტიფიკატი, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება ვარგისია ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებისათვის გამოსაყენებლად. სერტიფიკატის ბლანკი დაბეჭდილია იმ ქვეყნების ენაზე, რომელმაც გასცა იგი, აგრეთვე ინგლისურ ენაზე. M სერტიფიკატი გაიცემა 2 წლის ვადით და შეივსება ბეჭდური წესით. პუნქტ 7-ში აღნიშნულია მოქმედების ვადა

რა ვალდებულებები ეკისრება გადამზიდველს ტირ კარნეტით სარგებლობისას?

ტირ კარნეტის გამოყენებით გადამზიდველი პასუხისმგებლობას იღებს წარუდგინოს ტვირთი საბაჟო ხელისუფლებას დანიშნულების პუნქტში, ან გადაიხადოს ტვირთთან დაკავშირებული ყველა ბაჟი, გადასახადი, პენია და ჯარიმა, თუ ტირ კარნეტი სწორად არ არის დახურული. მართალია, ტირ კარნეტების დიდი უმრავლესობა გამოიყენება ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მაინც არსებობს ფინანსური რისკი მფლობელისთვის და ამიტომ ტირ ოპერაციებში მონაწილე პირებმა აუცილებელია იცოდნენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პროცედურების სწორად შესრულება და ტვირთზიდვების აკურატული აღრიცხვიანობის წარმოება.

დეტალურად გადამზიდველის ვალდებულებები მოცემულია სატრანსპორტო კომპანიის ვალდებულებათა დეკლარაციაში საბაჟო ტირ სისტემაში დაშვებისა და ჩვეულებრივი ტირ კარნეტების გამოყენების ნებართვის მისაღებად

რომელი ენები გამოიყენება ტირ კარნეტის შესავსებად?

ტირ კარნეტი იბეჭდება ფრანგულ ენაზე, გარდა გარეკანისა, რომლის რუბრიკები იბეჭდება აგრეთვე ინგლისურ ენაზე. ტირ კარნეტით სარგებლობის წესები სრულდება ინგლისურ ენაზე ამავე ყდის მესამე გვერდზე. გარდა ამისა, შეიძლება დაემატოს გვერდები ტექსტის სხვა ენაზე თარგმნით.

მანიფესტი შეივსება გაგზავნის ქვეყნის ენაზე, თუ საბაჟო ორგანოები არ დაუშვებენ სხვა ენის გამოყენებას. სხვა ქვეყნის საბაჟოები, რომელთა ტერიტორიაზეც ხორციელდება გადაზიდვა, ინარჩუნებენ უფლებას მოითხოვონ მანიფესტის თარგმნა მათი ქვეყნის ენაზე. შეფერხებების თავიდან ასაცილებლად გადამზიდავებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ თან იქონიონ საჭირო თარგმანები

რას წარმოადგენს CMR კონვენცია?

CMR კონვენცია წარმოადგენს საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტრუმენტს; იგი დამტკიცდა 1956 წელს და არეგულირებს სახელშეკრულებო ურთიერთობებს ტვირთგამგზავნს, გადამზიდავსა და ტვირთმიმღებს შორის, ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვისას. უნდა აღინიშნოს, რომ CMR კონვენციის დებულებებს უპირატესობა ენიჭება მაშინაც, როდესაც დაინტერესებული მხარეები ხელშეკრულებაში საწინააღმდეგოს ითვალისწინებენ.

როგორია CMR კონვენციის ტვირთების გადაზიდვისადმი გამოყენების კრიტერიუმები?

კუმულაციური პირობები (მუხლი 1):

 ორი ქვეყნიდან სულ ცოტა ერთი ქვეყანა (ქვეყანა, სადაც ტვირთი მიღებულ იქნა გადასაზიდად ან ტვირთის მიწოდებისთვის განსაზღვრული ქვეყანა) უნდა იყოს CMR კონვენციის ხელმომწერი მხარე;

ტვირთის გადასაზიდად მიღების ადგილი და დანიშნულების ადგილი ორ სხვადასხვა ქვეყანაში უნდა იყოს;

ტვირთვის გადაზიდვა უნდა სრულდებოდეს გადამზიდავისგან განსხვავებული პირისთვის (ე.ი. გადაზიდვა ფინანსური ანაზღაურების ფასად);

გადაზიდვის სულ ცოტა ერთი ნაწილი უნდა სრულდებოდეს საავტომობილო ტრანსპორტით;

ეს პირობები არ მიესადაგება რიტუალურ ტვირთებს, საფოსტო გადაზიდვებს და ავეჯის გადაზიდვას.

რას წარმოადგენს CMR სატვირთო ზედდებული?

CMR სატვირთო ზედდებული – ესაა სახელშეკრულებო შეთანხმება ტვირთ გამგზავნს, საავტომობილო გადამზიდავს და ტვირთმიმღებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს გადაზიდვის სტანდარტულ პირობებს საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო ოპერაციებისთვის, განსაკუთრებით – საჭირო დოკუმენტებისა და გადამზიდავის პასუხისმგებლობის სფეროში, რათა გაამარტივოს ავტო გადაზიდვა და საერთაშორისო ვაჭრობა. CMR სატვირთო ზედდებულის გამოყენება გულისხმობს, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციაში ჩართული ქვეყნებიდან (გაგზავნის ქვეყანა და დანიშნულების ქვეყანა) ერთ-ერთი მაინც წარმოადგენს CMR კონვენციის მონაწილე ქვეყანას.

CMR კონვენცია არ ითვალისწინებს განსაკუთრებული ფორმატის სატვირთო ზედდებულს. საავტომობილო გადაზიდვის ჰარმონიზებისა და გამარტივების მიზნით 1976 წელს IRU –მ, საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა CMR სატვირთო ზედდებულის ფორმა, რომლითაც ამჟამად ხელშეკრულების ყველა თუ არა, ბევრი მხარე სარგებლობს CMR კონვენციის მონაწილე ქვეყნებში.

რას ნიშნავს ელექტრონული CMR სატვირთო ზედდებული და როგორი სტატუსი გააჩნია?

მოვლენათა პრაქტიკული განვითარების და 30-წლიანი გამოცდილების საფუძველზე ვითარდებოდა რა სატვირთო ზედდებულის საწყისი ნიმუში, 2006 წ. ოქტომბერში განიხილულ იქნა ბევრი ქვეყნის მიერ მოწონებული წინადადება CMR - ზედდებულის ელექტრონული ფორმის შემუშავების შესახებ;

ამგვარად, ელექტრონული ფორმა შემუშავებულია; მან გაიარა შეთანხმების ყველა პროცედურა. ცირკულარული წერილით # CAJ/G8444 გაცემულია ბრძანება CMR კონვენციის დამატებით პროტოკოლში მონაწილეობის გაფორმების თაობაზე, რომელსაც შემოაქვს ზედდებულის ელექტრონული ფორმა CMR კონვენციის აღნიშნულ დამატებით პროტოკოლში მონაწილეობა შეამცირებს გადამზიდავების საზღვარზე მოცდენით გამოწვეულ დანაკარგებს, მოგვცემს წარმოქმნილი პრობლემების ოპერატიულად მოგვარების, და შესაბამისად, ტვირთნაკადების მართვისა და მათი მიწოდების ციკლურობის უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ასეთი სისტემის გამოყენებას ტვირთგამგზავნების, ექსპედიტორებისა და გადამზიდავების ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაჰყავს. Eელექტრონულ ზედდებულს ელექტრონულ ხელშეკრულებასთან, ელექტრონულ გადახდასთან, ელექტრონულ დაზღვევასა და ა.შ. ერთად დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის მნიშვნელოვანი უპირატესობები ექნება (ქაღალდზე გაფორმების ტექნოლოგიასთან შედარებით) რამდენადაც თანხებისა და დროის ეკონომია  სატრანსპორტო პროცესის ნორმა გახდება.

 (ცნობისთვის: CMR კონვენციის დამატებით ელემენტს, რომელსაც შემოაქვს ზედდებულის ელექტრონული ფორმა, 2008 წ. 27 მაისს ჟენევაში ხელი მოაწერა შვიდმა ქვეყანამ: ბელგიამ, ფინეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, ნორვეგიამ, შვედეთმა და შვეიცარიამ.).

როდის შეიძლება მოექცეს ადგილობრივი გადაზიდვა M კონვენციის დებულებების მოქმედების ქვეშ?

ზოგიერთმა ქვეყნებმი (მაგ. Bბელგიამ, ავსტრიამ) CMR კონვენციის დებულებები ეროვნულ კანონმდებლობაში ჩართო და ამგვარად კონვენციის პირობები ამ ქვეყნებში ტვირთების ეროვნული/ ადგილობრივი გადაზიდვებისათვის გამოყენებადი გახადა.

თუ საქმე არ გვაქვს ასეთ შემთხვევასთან, გადაზიდვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ მიუთითონ ხელშეკრულებაში საკუთარი სურვილი, რომ იგი CMR კონვენციის მოქმედების ქვეშ მოექცეს. CMR კონვენციის გამოყენება უნდა მოხდეს იმდენად, რამდენადაც იგი არ ეწინააღმდეგება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამის სავალდებულო დებულებებს.

თუ ტვრთის გადაზიდვა მოიცავს ტრანსპორტის სხვა სახეებსაც (გემი, რკინიგზა და ..) როგორ მოხდება CMR კონვენციის გამოყენება?

შესაძლებელია ორი სიტუაცია:

ა. თუ სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთული ტვირთი რჩება იგივე საშუალებაზე – ტრანსპორტის სახეობას მნიშვნელობა არა აქვს – CMR კონვენციის დებულებები მთელი გადაზიდვისთვის უნდა იქნას გამოყენებული (კარიდან კარამდე); სატვირთო ავტომობილი ბორნით (ბორანი, რო-რო), სატვირთო ავტომობილი მატარებლით და ა.შ.

თუმცა, თუ ტვირთის დაზიანება მოხდა გადაზიდვის იმ ნაწილში, რომელიც ავტორანსპორტით არ ხორციელდებოდა, და თუ დაზიანება არ იყო გამოწვეული ავტოგადამზიდავის მოქმედებით ან უმოქმედობით, გადამზიდავის პასუხისმგებლობა კლიენტის წინაშე არ შეიძლება განისაზღვროს CMR დებულებებით, არამედ განისაზღვრება ტრანსპორტის მოცემული სახეობისთვის განსაზღვრული დებულებებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოცემულ შემთხვევაში ავტოგადამზიდავი პასუხისმგებელია ზიანის მიყენებაზე საზღვაო, სარკინიგზი, შიდასაწყლოსნო ან ავიაგადაზიდვების არსებული სავალდებულო წესების შესაბამისად (კერძოდ, ტრანსპორტის ამ სახეობებთან დაკავშირებულ გამართლების მიზეზებთან და კომპენსაციის შეზღუდვასთან მიმართებაში).

ბ. თუ ტვირთები, რომლებიც თავდაპირველად ავტოტრანსპორტით გადაიზიდებოდა, გადატვირთულ იქნა სხვა სახეობის ტრანსპორტზე, CMR კონვენციის დებულებები გამოყენებულ უნდა იქნას გადაზიდვის ავტოტრანსპორტით შესრულებული ნაწილის მიმართ, იმ პირობით, რომ ავტოტრანსპორტით გადაზიდვისას დაცული იყო კონვენციის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული პირობები.

სავალდებულოა თუ არა CMR ზედდებული?

არა, CMR ზედდებულის, როგორც ასეთის ქონა აუცილებელი არ არის CMR კონვენციის პირობების გამოყენებისთვის.

CMR ზედდებული ითვლება გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობის მტკიცებულებად, თუმცა ზედდებულის არქონა, დაზიანება ან დაკარგვა არ მოქმედებს გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობაზე ან ქმედუნარიანობაზე, რომელიც უნდა დარჩეს CMR კონვენციის (მუხლი 4) დებულებების მოქმედების ქვეშ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წერილობითი ხელშეკრულების ან CMR ზედდებულის შემუშავების გარეშე გადამზიდავის მიერ ტვირთგამგზავნისგან ტვირთის მიღება არ ნიშნავს, რომ გადაზიდვის ხელშეკრულება არ იყო დადებული.

ზოგადად, გადაზიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია ზრუნვა ზედდებულის სწორად შედგენაზე, რადგან მოცემულ დოკუმენტში გაკეთებული აღნიშვნები განსაზღვრავს CMR კონვენციის ჩარჩოებში მოქმედების პასუხისმგებლობის კომპეტენციას.

CMR ზედდებული აგრეთვე წარმოადგენს გადამზიდავის მიერ ტვირთის მიღების მტკიცებულებას, რადგან ქვეყნების უმრავლესობაში CMR ზედდებული არის საკონტროლო დოკუმენტი, რომელიც გადაზიდვის დროს უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების ბორტზე. ამ შემთხვევაში მისმა არქონამ შეიძლება გამოიწვიოს სანქციები.

რა პარამეტრები უნდა შეამოწმოს გადამზიდავმა ტვირთის მიღებისას?

CMR კონვენცია (მუხლი 8) ადგენს, რომ გადამზიდავმა უნდა შეამოწმოს: ზედდებულში ჩანაწერების სიზუსტე შეფუთვების რაოდენობასთან დაკავშირებით, აგრეთვე მარკირება და კოდირება, მათი მდგომარეობა და შეფუთვა.

თუ გადამზიდავი არაა კმაყოფილი შემოწმებით, მან CMR ზედდებულში უნდა შეიტანოს შესაბამისი შენიშვნები დეტალების მითითებით. ყურადღება: შენიშვნების შეტანა საჭიროა ზედდებულის ყველა ეკზემპლარში და არა მხოლოდ გადამზიდავის ეკზემპლარში. Gგადამზიდავმა უნდა მოითხოვოს, რომ ტვირთგამგზავნმა საკუთარი ხელმოწერით დაადასტუროს შენიშვნები.

აღსანიშნავია, რომ ტვირთგამგზავნს შეუძლია დაავალოს გადამზიდავს ისეთი პარამეტრების შემოწმება, როგორიცაა ტვირთის საერთო წონა (ან სხვაგვარად გამოხატული რაოდენობა) და შეფუთვების შიგთავსი. შემოწმების შედეგები მითითებული უნდა იყოს ზედდებულშიც და უნდა დამოწმდეს ტვირთგამგზავნის ხელმოწერით

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ტვირთგამგზავნი უარს აცხადებს გადამზიდავის მიერ დატვირთვისას გაკეთებულ შენიშვნებზე ხელის მოწერაზე?

CMR კონვენციაში არ არის მოცემული რაიმე წესი ამის თაობაზე. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ კონვენციის თანახმად (მუხლი 8) ტვირთ გამგზავნი იურიდიულად არ არის დაკავშირებული შენიშვნებთან მანამ, სანამ არ დაეთანხმება მათ.

სასამართლო გარჩევის შემთხვევაში, ზედდებულში გაკეთებულ შენიშვნას, რომელიც არ არის დადასტურებული ტვირთ გამგზავნის მიერ, შეიძლება გააჩნდეს ძალა სასამართლოს წინაშე შესწავლის დროს და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე. ამ შენიშვნას მეტი ძალა ექნება, თუ დამოწმებულია ოფიციალური წარმომადგენლის (მაგ. მებაჟეს) მიერ.

როგორ ხდება კომპენსაციის დაანგარიშება გადამზიდავის მიერ ტვირთვის დაკარგის შემთხვევაში?

CMR კონვენცია (მუხლი 23) ადგენს, რომ კომპენსაციის დაანგარიშება ხდება ტვირთების ღირებულების შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება სასაქონლო ბირჟის ფასების მიხედვით, ან, ასეთი ღირებულების არარსებობის შემთხვევაში, მიმდინარე საბაზრო ფასების მიხედვით, ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ანალოგიური სახის და ხარისხის საქონლის ღირებულების მიხედვით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანგარიშსწორება მოხდება იმ ქვეყნის მოქმედი კანონების შესაბამისად, სადაც მოხდა ტვირთვის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა.

მუხლი 23 ასევე მიუთითებს კომპენსაციის მაქსიმალურ ზღვარზე:

8.33 SDR კილოგრამზე (თუ ტვირთის გადასაზიდად მიღების ქვეყანა CMR კონვენციის 1978 წ. ოქმის მხარეს არ წარმოადგენს).

მიუხედავად ამისა, კომპენსაციის თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს ამ ლიმიტს, თუ მოხდა შემდეგი:

 გადამზიდავის მიერ დაუდევრობის წინასწარგანზრახული ამ მნიშვნელოვანი გამოვლენა

ტვირთების ღირებულების დეკლარირება (რომელიც აღემატება ზემოთ აღნიშნულ ზღვარს) ან მიწოდებაში სპეციალური ინტერესის დეკლარირება, თუმცა ასეთ შემთხვევაში ეს სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული CMR ზედდებულში.

გარდა ამისა, გადამზიდავს შეიძლება დაეკისროს გადაზიდვის ღირებულების საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების და ტვირთების გადაზიდვასთან წარმოქმნილი სხვა ხარჯების ანაზღაურების პასუხისმგებლობა. სრული ღირებულება უნდა ანაზღაურდეს ტვირთების სრული დაკარგვის შემთხვევაში, ან პროპორციული ღირებულება – ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში.

აქვს თუ არა გადამზიდავს უფლება უარი თქვას ტვირთის დაკარგვის პასუხისმგებლობაზე, რადგან მისი სადაზღვვო კომპანია უარს ამბობს მის დაზღვევაზე (ან უფრო დაბალი თანხის ანაზღაურებაზე)?

არა, რადგან აქ ორი ხელშეკრულებაა ჩარეული: გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელსაც არეგულირებს CMR კონვენცია და რომლის მხარეებიც არიან გადამზიდავი, ტვირთ გამგზავნი და ტვირთმიმღები, და დაზღვევის ხელშეკრულება, რომელსაც არეგულირებს ეროვნული კანონმდებლობა და რომლის მხარეების არიან გადამზიდავი და სადაზღვევო კომპანია. ასეთ შემთხვევაში გადამზიდავს დაეკისრება პასუხისმგებლობა ტვირთის დაკარგვის შედეგად წარმოქმნილ შესაძლო ფინანსურ შედეგებზე.

ათავისუფლებს თუ არა გადამზიდავს ტვირთის მოპარვა ტვირთგამგზავნის წინაშე პასუხისმგებლობისგან?

CMR კონვენცია (მუხლი 17 ითვალისწინებს, რომ გადამზიდავი თავისუფლდება მოსარჩელის (მხარე, რომელიც განაცხადებს პრეტენზიას) წინაშე ვალდებულებებისგან დაკარგულ ტვირთთან დაკავშირებით (ამ შემთხვევაში იგულისხმება გადამზიდავის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, თუ ტვირთის დაკარგვა,  დაზიანება ან მიწოდების დაგვიანება მოხდა...), თუ დაკარგვასთან დაკავშირებული გარემოებები არ შეიძლება იყოს გამოწვეული გადამზიდავის დაუდევრობით და მან ვერ შეძლო მათი თავიდან აცილება. Eე.ი. მოპარვა შეიძლება განეკუთვნებოდეს ისეთ გარემოებებს იმ პირობით, რომ გადამზიდავს შეუძლია იმის დემონსტრირება, რომ შეუძლებელი იყო ინციდენტის თავიდან აცილება: დაცულ ავტოსადგომზე, ქურდების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება და ა.შ.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ქურდობა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც გადამზიდავის მნიშვნელოვანი დაუდევრობა, ყველა შემდგომი შედეგებით

თუ ტვირთის მოპარვა CMR კონვენციის თანახმად ათავისუფლებს გადამზიდავს პასუხისმგებლობისგან, ათავისუფლებს თუ არა გადამზიდავს საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისგან?

თუ გადაზიდული ტვირთების მოპარვამ გამოიწვია გადამზიდავზე დაკისრებული საბაჟო დავალიანების წარმოქმნა, რადგან ეს დავალიანება, ჩვეულებრივ, ადმინისტრაციული ხასიათისაა, CMR კონვენცია არ ათავისუფლებს გადამზიდავს საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისგან.

რა თქმა უნდა, შეიძლება დაშვება, რომ გადამზიდავი გათავისუფლდება ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე, თუმცა ეს საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.

Design by SPAR.GE © 2024 ყველა უფლება დაცულია